სომხეთმა და საქართველომ კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიმუშავებენ მემორანდუმით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელების განრიგსა და გეგმას.
Sputnik
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. სომხეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს 2022-2024 წლებში კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.
აღინიშნა, რომ ხელმოწერის ცერემონია ერევანში გაიმართა, სადაც საქართველოს დელეგაცია ჩავიდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის ხელმძღვანელობით.
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ არა ხზმალიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას ისაუბრა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე. მხარეებმა განსაკუთრებით გამოყვეს უკვე გამართული პლენერ-ფესტივალი „ერთობლივი ხედვა სამცხე-ჯავახეთზე".
ხზმალიანის თქმით, მსგავსი გამოფენა ერევანსა და თბილისში მოეწყობა. სომხეთის მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა ქართველი კინემატოგრაფისტების მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალში „ოქროს გარგარი“. სომხურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, საექსპერტო დახმარება გაუწიოს ჯავახეთში მდებარე ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის პროცესს.
მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების გრაფიკისა და გეგმის შემუშავებაზე და მათ განსახორციელებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე.
წყარო - Sputnik-სომხეთი.