თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის სოფელ ორსანტიაში აზიურმა ფაროსანამ ფერმერებს თხილის მოსავალი გაუნადგურა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, მავნებელმა პრობლემები ზუგდიდის რაიონის სხვა სოფლებს, მათ შორის, ზემო ეწერსაც შეუქმნა. სპეციალისტები ფაროსანას მომრავლებას წვიმიან სეზონს უკავშირებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს მოუწოდებს, დროულად მიმართონ სპეციალისტებს, რათა ნაკვეთების დამუშავება რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.
„სახელმწიფო აქტიურად ახორციელებს ღონისძიებებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. ხარისხიანი მოსავლის მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ ფერმერმა ყველაფერი გააკეთოს და შეწამვლის სამუშაოები აგროკალენდრის მიხედვით განახორციელოს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.
ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში უკვე დამუშავებულია დაახლოებით 14 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. ეს სამუშაოები აგროკალენდრის მიხედვით მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი უნდა ჩატარდეს ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ აზიურ ფაროსანასთან დროული ბრძოლა მოსავლის ხარისხზეც აისახება.
საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და მაშინ ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.
2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.