თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს რაგბის ნაკრებს იტალიის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მიულოცა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში ზაფხულის სერიების ეგიდით რიგით მეორე ტესტ-მატჩი იტალიის წინააღმდეგ ანგარიშით 28:19 მოიგო.
პრემიერმა ქართველ მორაგბეებს თავდადებისა და ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვიზიარებ იმ დიდ სიხარულს, რომელიც მოგვანიჭეს ჩვენმა სასახელო, სახელოვანმა მორაგბეებმა. ეს მართლაც იყო ტრიუმფალური გამარჯვება ჩვენი მორაგბეების. ბოლო პერიოდში არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდით ჯერ ფეხბურთში, შემდეგ კალათბურთში, ახლა უკვე რაგბიში. ეს მართლაც დიდი გამარჯვებაა და მინდა მადლობა ვუთხრა მათ", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ბორჯღალოსნები" ზაფხულის მატჩებს შინ 2015 წლის „თბილისის თასის" შემდეგ პირველად ატარებენ – ორს ქუთაისში და ერთს ბათუმში. 3 ივლისს საქართველო არგენტინას შეხვდა (საქართველო 24:30 დამარცხდა), 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლა, 16 ივლისს კი ქუთაისში პორტუგალიის ნაკრებს დახვდება.