თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველო კორონავირუსის პიკს შემოდგომაზე მიაღწევს, მაგრამ შემთხვევების ისეთი დრამატული მატება არ იქნება, როგორიც წლის დასაწყისში იყო, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.
ცერცვაძის განცხადებით, ვინაიდან ახლა ტურისტული სეზონია, მოგზაურობა გაიზარდა და ძალიან ბევრი ქართველი უცხოეთში მოგზაურობისას დაინფიცირდა.
ცერცვაძემ ასევე კორონავირუსის ახალ შტამზე და მის თავისებურებებზე ისაუბრა.
„ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში დომინანტი გახდა B.A.4 და B.A.5 შტამები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტი გადამდებობით ხასიათდებიან, ვიდრე იყო მანამდე გავრცელებული B.A.2 შტამი“, - განაცხადა ცერცვაძემ.
ცერცვაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ჩაიტარონ ვაქცინაცია, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში კი ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ.
„სიმპტომების გამოხატვის პირველივე დღეს ან მაქსიმუმ მეორე დღეს უნდა გაიკეთოს ტექსტი. თუ იქნება დადებითი, დაამყაროს კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან, ის შეაფასებს, სჭირდება თუ არა პაციენტის მკურნალობა. ჩვენ გვაქვს ამისთვის უახლესი ანტივირუსული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს, დაუნიშნავენ „პაქსლოვიდს“ და ბინაზე უფასოდ მიართმევენ“, - აღნიშნავს ცერცვაძე.
ბოლო დღეებში ქვეყნის კლინიკებში ინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობამ იმატა. ეპიდემიოლოგებმა საქართველოში „ომიკრონის" შტამის ახალი ქვეტიპი В.А.5 ივნისის ბოლოს გამოავლინეს, რომლისთვისაც უფრო სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი. სპეციალისტების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეორე ადამიანს ინფექციის სწორედ ეს სახეობა აღენიშნება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ქვეყანა კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება.
მანამდე საქართველოში ძირითადად ცირკულირებდა „ომიკრონის" ქვეტიპი B.A.2. ახალი ქვეტიპი, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, აისახა სტატისტიკაზეც – ჯერ კიდევ ორი კვირის წინ გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 500-ს შეადგენდა, ბოლო კვირაში კი 2.570-ს მიაღწია.
სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ, ვაქცინაციის ჩატარებისკენ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის აქტიურად გამოყენებისკენ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844. ამ დროისთვის ქვეყანაში 2.550 აქტიური შემთხვევაა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, ხოლო ახალი, „ომიკრონის" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა. მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული, ინდური შტამები ცირკულირებდა.