თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. დიპლომატი უფრო თავშეკავებული უნდა იყოს, ასე გამოეხმაურა დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კომენტარს მის ღია წერილზე.
დეპუტატის შეკითხვებზე საპასუხოდ დეგნანმა განაცხადა, რომ მის სახელზე დაწერილი თია წერილი ბოლომდე არ წაუკითხავს, რადგან ის სავსე იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით. მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის საწყენია, რომ დეპუტატს „ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“.
„ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემ მიერ... დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია, კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუსვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
მან ასევე ურჩია ელჩს ბოლომდე წაიკითხოს მისი წერილი და მოსახლეობის განწყობები შეისწავლოს.
„საქართველოს მოქალაქეები ვისურვებდით, რომ საქართველოში მოვლენილმა ელჩებმა უკეთესად გამოიკვლიონ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რათა შემდგომში არ წარმოიქმნას ასეთი ტიპის გაუგებრობები. ეს, ჩემი წარმოდგენით, მათი მუშაობის ნაწილი უნდა იყოს“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.
ყაველაშვილი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ სამი ლიდერიდან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მთავარ მიზეზად ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.
პარასკევს ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, ოპოზიციის მოწოდებებზე მთავრობის დამხობის, სახალხო დამცველის მხრიდან სანქციებისა და ომის შესახებ განცხადებებზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს კონფლიქტში ჩართვისკენ. მან ასევე დაადანაშაულა ელჩი უმოქმედობაში ოპოზიციის პროვოკაციული განცხადებების დროს და პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ოპოზიციურ პარტიას და მედიას საქართველოში.