თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს, ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია ვაშინგტონსა და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებს და მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია „კოლანჯელო და პარტნერსი“, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, აქტიურად იმუშავებს მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომლის მიზანი აშშ-ს ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაა.
„ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ შეიქმნას და დამკვიდრდეს „ქართული ღვინო“, როგორც გლობალური ბრენდი, მოხდეს მისი პოპულარიზაცია მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის უნიკალური მომენტი, როცა ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამერიკაში ქართული ღვინის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართული ღვინის კომპანიებისა და ამერიკელი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების დაკავშირებაა, ასევე ამერიკაში მოღვაწე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობაა საერთაშორისო მარკეტინგული კომპანიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ დაგეგმილი აქტივობები მიიზიდავს აღნიშნულ აუდიტორიას, შეიქმნება მეტი ინტერესი საქართველოსა და ქართული ღვინის მიმართ”, - განაცხადა შამუგიამ.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი" ხშირად იმართება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ასეთმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამერიკის ღვინის ბაზარზე გაყიდვების სტაბილურ ზრდას.