არგენტინაში ქართველი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს

ექსპოზიცია მოეწყო საქართველოსა და არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში.
Sputnik
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ბუენოს-აირესის გალერეაში Hoy en el Arte ქართველი მხატვრის, გოჩა გაიოსის ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „ჩრდილები“ მიმდინარეობს - ღონისძიება საქართველო-არგენტინის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმართება.
გამოფენის გახსნას არგენტინის ხელოვნებისა და აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოფენის კურატორმა, ცნობილმა ხელოვნების კრიტიკოსმა, არგენტინის სახვითი ხელოვნების ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა და ხელოვნების კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრმა, ელენა ოლივერამ ექსპოზიციას „ქაოსის გარღვევა“ უწოდა.
„საკუთარ სტილთან ერთად, გოჩა არტ ბრუტის, სურეალიზმის, ნეოექსპრესიონიზმის ელემენტების გამოყენებით ასინთეზებს სხვადასხვა ექსპრესიულ მოდალობას, რომელთაც თითქოს ბაროკოს ლინზაში აქცევს, რაც საბოლოოდ „ნახვის სიგიჟეს“ იწვევს“, - აღნიშნა ელენამ თავის კრიტიკულ მიმოხილვაში.
გამოფენა ივლისის ბოლომდე გასტანს.
გოჩა გაიოსი ცნობილი ქართველი მხატვარია, რომელიც ბუენოს-აირესში 1995 წლიდან ცხოვრობს. მხატვრის ნამუშევრებში ძირითადად გამოყენებულია აბსტრაქტული, სურეალისტური, კონცეპტუალური და კოლაჟური კომპოზიციები, რომლებიც შერეულ ტექნიკაშია შესრულებული.