თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. განცხადება იმის თაობაზე, რომ დასავლეთს საქართველოსგან სურს ომი, მომდინარეობს აშშ-ის მიერ დაფინანსებული ადამიანებისგან, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანისადმი გაგზავნილ ღია წერილში.
ყაველაშვილი ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ სამი ლიდერიდან, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში დაკავებული თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. წასვლის მთავარ მიზეზად მათ საზოგადოებისთვის მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაციის მიწოდების სურვილი დაასახელეს.
როგორც ყაველაშვილი წერილში აღნიშნავს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სხვადასხვა მხრიდან იყო საქართველოს ომში ჩათრევის აქტიური მცდელობები. დეპუტატის თქმით, მან თანამოაზრეებთან ერთად მმართველი პარტიის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ ქვეყანას ამ საფრთხის აცილებაში დაეხმაროს.
„ქალბატონო ელჩო, ამერიკის იმიჯის დასაცავად კარგი იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით საჯაროდ განხორციელებულ ამ პროვოკაციებს თქვენ საჯაროდ გამიჯვნოდით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ თემაზე არცერთი თქვენი გამოსვლა არ მახსენდება. მეტიც, სანქციებზე მიერთების მოთხოვნას საჯაროდაც კი დაუჭირეთ მხარი“, – ნათქვამია ღია წერილში.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დიპლომატს საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებზე, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვისკენ ღიად მოუწოდებდნენ.
„ქართველი პროამერიკელების“ რიტორიკიდან ყაველაშვილმა აღნიშნა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ეკა გიგაური, ასევე ნინო ლომჯარიას განსაკუთრებული აქტივობა, რომელიც, დეპუტატის თქმით, სახალხო დამცველი საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა.
„როდესაც ლომჯარია სანქციებზე არმიერთებას ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს ამჯობინებს, ქართველი ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ თქვენი პრიორიტეტიც ზუსტად ეს არის. ამიტომ კარგი იქნებოდა, ლომჯარიას განცხადებასაც გამიჯვნოდით, თუმცა, თქვენი პოზიცია არც ამ შემთხვევაში მოგვისმენია“, – წერს ყაველაშვილი.
პირიქით, ნინო ლომჯარია დღესაც თქვენი აბსოლუტური ფავორიტია, რომლის დაჯერებისკენაც ხელისუფლებას ყველაზე ხშირად მოუწოდებთ, აღნიშნავს დეპუტატი.
„ამიტომ ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ფე-ეს-ბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენ მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“, – ნათქვამია წერილში.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, საქართველოში აქციები ორგანიზებულია დასავლეთიდან დაფინანსებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გამოირჩევიან ომის რიტორიკით.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“, – წერს დეპუტატი.
ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ უკეთეს შემთხვევაში თქვენ ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი ეს მოთხოვნები თქვენი მოფიქრებულია, აღნიშნავს ყაველაშვილი.
„აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რათა ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს“, – წერს დეპუტატი.
რაც მთავარია, დაუშვებელია ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს, აღნიშნავს ყაველაშვილი.
დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ საკუთარ კითხვებზე შეძლებს საჯარო და მკაფიო პასუხების მიღებას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რათა საქართველოში აშშ-ის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს.
„თუ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკული იდეა“ შეიძლება სრულად გაუფასურდეს.
ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“, – აღნიშნულია ღია წერილში.