თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ოპოზიციის ნაწილი გადადგამს ნაბიჯებს პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხუთშაბათს პირველი შეხვედრა გამართა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ევროპული საბჭოს პირობების შესრულებაზე, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის წლის ბოლომდე მოსაპოვებლად არის აუცილებელი. შეხვედრას 10 საპარლამენტო პარტიიდან ოთხი პარტიის დეპუტატი ესწრებოდა. ოპოზიციას შესთავაზეს, რომ გაკეთდეს პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების დამოკიდებულებების, რიტორიკისა და მიდგომების მონიტორინგი.
„დიდად არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი (ოპოზიცია - რედ.) კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ დეპოლარიზაციისთვის. არადა ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა და დათქმაა იმ 12-პუნქტიან გეგმაში“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია მზად არის გადადგას ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად.
„ეს შესასრულებელია, რათა საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი... მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორ წარმომიდგენია ეს ყველაფერი. ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა გადადგამს ნაბიჯს და იქნებიან კონსტრუქციული, თუმცა არიან ისეთები, ვისაც აქვთ სურვილი, რომ დეპოლარიზაცია განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 1 ივლისს ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.