ჭიაბრიშვილი: ბოდიში გულშემატკივარს - ასე არ უნდა ვთამაშობდეთ!

თბილისის „დინამოსა“ და „პაიდეს“ საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ესტონეთში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ესტონურ „პაიდესთან“ განცდილი მარცხის შემდეგ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ კონფერენს-ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის „პაიდეს“ უმასპინძლა და შეხვედრა ანგარიშით 2:3 დათმო.

„ჩემი მხრიდან თამაშის შეფასებას აზრი არ აქვს. თქვენ წინაშე და გულშემატკივრის წინაშე მარტივი რაღაც გვაქვს გასაკეთებელი – ბოდიშის მოხდა. საპასუხო თამაში არის ღირსების, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი. ასე არ უნდა ვთამაშობდეთ, ასე არ უნდა ვთმობდეთ მატჩს, მაგრამ ვეცდებით, რომ ყველაფერი იქ გამოვასწოროთ“, – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

თბილისის „დინამოსა“ და „პაიდეს“ საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს ესტონეთში გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე სომხურ „არარატ-არმენიას“ დაუპირისპირდება.