ყვითელი ამბები

„გავხსენით უფასო „მაღაზია“... მოდით და წაიღეთ რაც გჭირდებათ“ - აკა სინჯიკაშვილი

Sputnik
აკა სინჯიკაშვილს საზოგადოება იმ კეთილი საქმეებით იცნობს, რომელსაც ის თავის მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად აკეთებს შეჭირვებული ადამიანების დასახმარებლად.
ცოტა ხნის წინ მან ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ თანამოაზრეებთან ერთად უფასო ტანსაცმლის „მაღაზია“ გააკეთა.
„მოხუცი ქალი ვიპოვეთ ქუჩაში, რასაც ხედავთ, ამის მეტი არაფერი აქვს...“ – აკა სინჯიკაშვილი

„მოხალისეების მიერ შექმნილი სივრცე მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის უკან მხარეს, კორპუსების ეზოში. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან „მოდულის“ შენობასთან არის ჩამოსახვევი. სივრცე მუშაობს ჯერჯერობით შაბათს და კვირას, დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე. მოტანაც და წაღებაც შეგიძლიათ ყველა შაბათს და კვირას. მოტანა შეიძლება ნებისმიერი ფორმის, ფერის და ზომის ტანსაცმლის, ფეხსაცმელის, წიგნების, სათამაშოების და ნებისმიერი საოჯახო ნივთის, რაც სახლში აღარ გჭირდებათ. გთხოვთ, ეცადეთ, ტანსაცმელი ნუ იქნება ძალიან დახეული და მთლად გამოუსადეგარი. იყოს აუცილებლად გარეცხილი, სუფთა და რაშიც იქნება მოთავსებული, ზედ ეწეროს სქესი და ასაკი, ვისთვისაცაა განკუთვნილი. განსაკუთრებით გვჭირდება ხოლმე სათამაშოები, წიგნები და მშრალი პროდუქტი“, – წერს სინჯიკაშვილი.

მისი თქმით, ოჯახებისათვის, მათი წევრების რაოდენობის მიხედვით, გაიცემა შეუზღუდავი ოდენობის ნივთები და შეუძლიათ სარგებლობა სამ თვეში ერთხელ. საბუთების წარდგენა არავისთვის სავალდებულო არ არის.

„აუცილებლად დამიკავშირდით რეგიონებიდან სოფლის, სკოლის, რაიონის, ან სოციალური სამსახურის თანამშრომლები, ან თუნდაც მოხალისეების ჯგუფი. ნებისმიერ რეგიონში უფასოდ გამოგიგზავნით საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელს და შეძლებთ გაუნაწილოთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მოხალისე, რომ შენობამ ყოველდღე იმუშაოს და სწრაფად გავაკეთოთ ხოლმე ყველაფერი.️ ვისაც ბევრი დრო გაქვთ, გთხოვთ მოგვეხმაროთ. შეგიძლიათ მომწეროთ მესიჯი ნომერზე - 558181218. ზარების პასუხს ვერ ვასწრებ, გაუჩერებლად რეკავს სულ ტელეფონი“, – წერს აკა.

მისი თქმით, შაბათს და კვირას, ტანსაცმლის გარდა, გაიცემა უფასო პური, მათთვის, ვინც ვერ ყიდულობს.

„არ მოგერიდოთ და მობრძანდით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გჭირდებათ. პურიც და ტანსაცმელიც, რა თქმა უნდა, უფასოა“, – წერს ქველმოქმედი.