თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ევროპის დედაქალაქების უნივერსიტეტების ქსელის UNICA - Network of Universities from the Capitals of Europe წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
UNICA ევროპის 41 დედაქალაქის 56 უნივერსიტეტს აერთიანებს. ქსელის მიზანი ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის მხარდაჭერა, წევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და უნივერსიტეტების მაქსიმალური ხელშეწყობაა სწავლების, კვლევისა და ინოვაციების განვითარების თვალსაზრისით.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, ქსელის მმართველმა საბჭომ შეაფასა თსუ-ის ინტერნაციონალიზაციის მხრივ მიღწეული შედეგები და საერთაშორისო კვლევითი პროექტები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად UNICA-ს რუკას კიდევ 6 უნივერსიტეტი და ევროპის 4 დედაქალაქი დაემატა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს უძველესი უმაღლესი სასწავლებელია. იგი 1918 წლის 26 იანვარს (ახ.სტ. 8 თებერვალს) გაიხსნა, 1989 წლიდან კი ერთ-ერთი დამაარსებლის – ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წელს 113 პოზიციით დაწინაურდა და 322-ე ადგილი დაიკავა უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო რეიტინგში Best Global Universities Rankings 2020. ამგვარად, თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის.
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე საკუთარი გამომცემლობა და სტამბა.