თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაფიცული თანამშრომლები, რომლებიც შრომის პირობებისა და დაბალი ხელფასის გამო უკმაყოფილო არიან, სამუშაო ადგილებს მაშინვე დაუბრუნდებიან, როგორც კი ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს შეასრულებს, იუწყება მოვლენების ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
სორტული საამქროს მუშათა გაფიცვა 4 ივლისს დაიწყო. ამჟამინდელი ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე დაახლოებით 130 ადამიანი ამბობს უარს.
„დიალოგი ხელმძღვანელობასთან პროფკავშირების მონაწილეობით გუშინ დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით - უშედეგოდ. კომპანია დათმობაზე ნაკლებად მიდის", – განუცხადეს Sputnik-ის კორესპონდენტს.
მეტალურგებს სულ ექვსი მოთხოვნა აქვთ.
მათი საშუალო ხელფასი ამჟამად დაახლოებით 800–900 ლარია. გაფიცულების თქმით, ამ თანხით ცხოვრება და, მით უმეტეს, ოჯახის შენახვა ამჟამინდელი ინფლაციის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ხელფასის მომატება 30%-ით მათი ძირითადი მოთხოვნაა.
გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ მე-13 ხელფასის გადახდას, სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურებას, კვების რაციონის შეცვლას, მუშების ხელშეუხებლობას, ანუ გაფიცვის დასრულების შემდეგ ისინი გათავისუფლების მიზნით არ უნდა შეავიწროვონ, ასევე ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობაზე კოლექტიურ შეთანხმებას.
გაფიცვის პირველ დღეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი მივიდა ქარხნის თანამშრომლებთან და შეახსენა გეგმის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ხელფასის 50 ლარით გაზრდას სექტემბერში, შემდეგ კიდევ 50 ლარით – დეკემბერში და კიდევ 50 ლარით – 2023 წლის გაზაფხულზე, თუმცა მეტალურგებს ამ პირობებში მუშაობა არ სურთ.
უფრო ადრე საწარმოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ქარხანა გამართულად განაგრძობს მუშაობას და პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდებას.
პროფკავშირების წარმომადგენელი ამბობს, რომ გაფიცულია საწარმოში დასაქმებულების უმრავლესობა, ამიტომ ახლა მხოლოდ დარჩენილი პროდუქციის გაყიდვა შეუძლიათ, ან სორტულ საამქროში მუშები სხვა განყოფილებებიდან გადაიყვანეს.