თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის მიწვევით ვენაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა.
პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
საქართველომ და ავსტრიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 მარტს დაამყარეს. ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის ინტეგრაციას ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში.
საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საპარლამენტთაშორისო, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, სამართალდაცვით, კულტურისა და განათლების სფეროებში.