თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის ორი მოწმის გამოკითხვით განაახლა საქმის განხილვა საქართველოს ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის გადაცემის მცდელობის შესახებ ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის დროს.
საქმის ხელახალი განხილვა გასული წლის ოქტომბერში მოსამართლის შეცვლის გამო დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ამჯერად ჩვენება მისცეს ეროვნული არქივის თანამშრომელმა ნათელა მელაშვილმა და აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თანაშემწემ გელა დუმბაძემ.
არქივის თანამშრომელმა ისაუბრა კომისიის მიერ გამოყენებულ რუკებზე და საქმის ბრალდებულის, შსს-ს თანამშრომლის, ნატალია ილიჩევას მონაწილეობაზე კომისიის მუშაობაში. მოწმემ განაცხადა, რომ ილიჩევამ რუსეთთან საზღვრის დემარკაციის კომისიაში მუშაობისას შეძლო ისეთი მასალების მოძიება, რომელთა მიხედვითაც ნახაზები საქართველოს სასარგებლოდ იყო გაკეთებული.
რაც შეეხება მეორე მოწმეს - დუმბაძეს, მან განაცხადა, რომ არაფერი სმენია საზღვრის შესახებ პოზიციის ცვლილებაზე აზერბაიჯანის სასარგებლოდ და დოკუმენტების შესახებ არაფერი იცოდა.
საქმის დეტალები
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.
ამჟამად ბრალდებულები მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლოს მიერ გირაოთი არიან გათავისუფლებული და მათ ქვეყნის დატოვება აქვთ აკრძალული.
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.
კარტოგრაფების საქმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა 1994 წელს დაწყებული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის მთელი პროცესი, ვინაიდან საქმე ეხება 16 შეთანხმებული სასაზღვრო მონაკვეთიდან 13 მონაკვეთზე ტერიტორიების დაკარგვას.