ანსამბლი „ერისიონი" ახალი პროგრამით რეგიონებში გასტროლებს იწყებს

„ქართული ლეგენდა“ მაყურებლისთვის ცნობილი პროგრამაა, რომელმაც 2002-2007 წლებში მსოფლიოში ფურორი მოახდინა.
Sputnik
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში განახლებულ შოუ-პროგრამა „ქართულ ლეგენდას“ წარადგენს.
კონცერტი ლენტეხში 19 ივლისს, ამბროლაურში კი 21 ივლისს გაიმართება. მაყურებელი იხილავს ანსამბლის ახალ შოუ-პროგრამას, რომლის პრეზენტაციაც თბილისის საკონცერტო დარბაზში 4-5 ივლისს გაიმართა.
„ქართული ლეგენდა“ მაყურებლისთვის ცნობილი პროგრამაა, რომელმაც 2002-2007 წლებში მსოფლიოში ფურორი მოახდინა.
შოუს დადგმასა და მსოფლიოში მის პოპულარიზაციაში დიდი როლი შეასრულეს ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ, რომელთა ხსოვნის პატივსაცემადაც შეიქმნა ახალი შოუ-პროგრამა. პროგრამის განახლებაზე იმუშავეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა.