ზარზმის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

რეაბილიტაციის პროცესში მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც ჩაერთვება.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ზარზმის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არქიტექტორ-რესტავრატორებმა დაზიანების ახალი კერები აღმოაჩინეს, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გაეცნო.
უწყების ცნობით, ხარაჩოების მოწყობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წვიმების შედეგად სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ზარზმის მონასტერი
მიღწეულ იქნა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოც აქტიურად ჩაერთვება.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ზარზმის მონასტერი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარზმაში მდებარეობს და ეროვნული მნიშვნელობის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.