ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება

კალაძის თქმით, აღნიშნული მუსიკალური პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. დედაქალაქის მერია მუსიკალური პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში 9 ივლისს დიღმის მასივში საფესტივალო დღეს გამართავს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ღონისძიება მაიაკოვსკის პარკში გაიმართება. დასწრება თავისუფალია. მსმენელის განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

„პატარებისთვის მოეწყობა მეზღაპრის კუთხე, ილუსტრატორთა კუთხე, ასევე გაიმართება თითების თეატრის წარმოდგენები. სპორტული ნაწილი მინი-გოლფით, მაგიდის ჩოგბურთითა და სხვა აქტივობებით იქნება დატვირთული. 21:00 საათზე ზუკა ხუციშვილისა და ნოდარიკო ხუციშვილის ბენდების კონცერტი ჩატარდება. საფესტივალო დღეს დიჯეი Salien დაასრულებს“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ფესტივალი თბილისის უბნებში მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
პროექტი მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი, ერთი მხრივ, ქართველი შემსრულებლების ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის განწყობაზე ზრუნვაა.