ოპოზიცია თანამოაზრეებს არასამთავრობოებში ეძებს: რა გეგმა აქვთ პარტიებს

„ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პირობების შესასრულებლად 1 ივლისს საკუთარი გეგმა წარადგინა
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საპარლამენტო ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა - შეხვედრაზე განიხილებოდა ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების გეგმა, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლომდე მოიპოვოს.
პარასკევს მმართველმა პარტიამ ევროპული საბჭოს 12 პუნქტის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ამ გეგმის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ პროცესზე პარლამენტის სრული ზედამხედველობა და მოამზადონ საკანონმდებლო ცვლილებები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ევროკომისიის რეკომენდაციებშია მითითებული.
დღეისათვის მმართველ პარტიასთან სამუშაოდ სამი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია არის მზად - ესენია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, „მოქალაქეები“ და „საქართველოსთვის“. დანარჩენი პარტიები საკუთარ გეგმას ამზადებენ.
„არასამთავრობოების ამ ჯგუფს აქვს წარმოდგენილი საჯაროდ თავისი ხედვა. ამ ხედვის ძალიან დიდი ნაწილი სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხედვის მთავარ საკითხებთან. აქ სერიოზული თანხვედრაა მოსაზრებების“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.
22 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც მონაწილეობენ საკანონმდებლო აქტების განსახილველ ყველა კონსულტაციაში, ევროპული საბჭოს პირობების შესრულების საკუთარ ხედვას სთავაზობს.
ეს ხედვა ითვალისწინებს ზოგიერთი კომიტეტის ხელმძღვანელობის ოპოზიციისთვის გადაცემას, კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ ცვლილებების შეტანას, სასამართლო სისტემის რეფორმის ახალი სტრატეგიის შემუშავებას, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას და სხვ.
სამთავრობო გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფები შეიქმნება იურიდიულ კომიტეტთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხების კომიტეტთან და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან. ასევე პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიქმნება სპეციალური ჯგუფი პოლარიზაციის მონიტორინგის საკითხებზე. კომიტეტების პირველი სხდომები 7 ივლისისთვის ჩაინიშნა.