კალაძე: პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც ეკისრება

Sputnik
თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია ცალმხრივად, შესაბამისად, ოპოზიციას აქვს დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.

„პასუხისმგებლობა ნაწილდება ყველაზე და ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ამოცანა... ოპოზიციას აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით, თუმცა არ ვიცი ისინი რამდენად გაითვალისწინებენ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მას არ აქვს იმის ილუზია, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია შეიცვლება და კონსტრუქციული გახდება.
„იმის ილუზია ნამდვილად არ მაქვს, რომ ხვალ-ზეგ ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული. რასაკვირველია, ყველაზე არ არის საუბარი, მაგრამ მგონია, რომ დიდი ნაწილი არ შეუერთდება დეპოლარიზაციის მოთხოვნას, რაც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო გაცხადებული“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ქმედებების გაგრძელების მიუხედავად, ხელისუფლება მზადაა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რადგანაც ხელისუფლებას „ქართველი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აქვს“.
ევროკავშირის საბჭომ ივნისში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.