თბილისი, 6 ივლისი − Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გეგმავს კონტაქტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ინდონეზიაში G20-ის მინისტერიალზე, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.
დიპლომატის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის „სამხედრო ოპერაციას“ უკავშირდება.
„ამ მიზეზით ახლა შესაფერისი დრო არ არის იმისთვის, რომ სახელმწიფო მდივანმა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან იკონტაქტოს. ამ ვიზიტის დროს ლავროვთან ორმხრივ შეხვედრას არ უნდა ველოდოთ. ჩვენ გვსურს დავინახოთ რუსეთის მხრიდან სერიოზულობა დიპლომატიის მიმართ. ეს აქამდე არ გვინახავს. ჩვენ გვსურს, რომ რუსულმა მხარემ მათთან, მინისტრ ლავროვთან ორმხრივი შეხვედრის საფუძველი მოგვცეს“, − განაცხადა პრაისმა ბრიფინგზე.
ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დაადასტურა, რომ ბლინკენი შეხვდება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის, რა დროსაც კონფრონტაციის საკითხებს განიხილავს. გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ რეტნო მარსუდისთან.
G-20-ის სამიტი კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერსაა დაგეგმილი. ღონისძიებაზე მიწვეული არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.