საქართველოში წიაღისეულის უკანონო მოპოვების 415 ფაქტი გამოავლინეს

წიაღისეულის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით წიაღისეულის უკანონო მოპოვების 415 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, წიაღისეულის უკანონო მოპოვების 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ყველაზე მეტი – 157 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთში, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა 66 ფაქტი, კახეთში – 62, აჭარაში – 32, მცხეთა-მთიანეთში – 24, ქვემო ქართლში – 21, გურიაში – 19, შიდა ქართლში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთშიც – 7. წიაღის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც.
უწყების ცნობით, სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შედგა. იმ ფაქტების მასალები კი, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.