სტიქიამ ონში პრობლემები შექმნა

ბოლო პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტები, დაიტბორა სოფლები, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
Sputnik
თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა მეწყრული პროცესები გაააქტიურა, ნათქვამია ონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაზიანდა ფსორი–ბაჯიხევის საგზაო ინფრასტრუქტურა – გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ჩამოსულმა მიწის მასამ ჩახერგა გზა, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე შეზუღდვა დაწესდა.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს ჩორდი–ბაჯიხევის შემოვლითი გზით“, – აღნიშნავენ მერიაში.

ორი დღის წინ ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა მდინარე ღარულას ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დაარღვია დამცავი ნაპირსამაგრი გაბიონი და დატბორა სოფელ ღარის მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. უამინდობამ დააზიანა სასოფლო გზები და სოფელში არსებული სამი საფეხმავლო ხიდი.
სტიქიის შედეგების დროულად მოგვარების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.