თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს ყველაზე დიდი მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა ცვლაში გასვლაზე უარს ამბობენ და ადმინისტრაციასთან დიალოგს ელოდებიან, განუცხადა Sputnik–საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში გიორგი ტყემალაძემ.
სორტული საამქროს მუშათა გაფიცვა 4 ივლისს დაიწყო. ამჟამინდელი ხელფასის პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე დაახლოებით 130 ადამიანი ამბობს უარს. მათი საშუალო ხელფასი დაახლოებით 800–900 ლარია.
„გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება. მათ თავიანთი მოთხოვნები აქვთ, ისინი მოთხოვნებთან დაკავშირებით დიალოგის დასაწყებად ადმინისტრაციას ელოდებიან. მათთან ჯერჯერობით არავინ მოსულა“, – განაცხადა ტყემალაძემ.
გაფიცულებს გუშინ სამი მოთხოვნა ჰქონდათ, დღეს უკვე მოთხოვნების რაოდენობა გაორმაგდა.
მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნები:
მუშების ხელშეუხებლობა, ანუ გაფიცვის დასრულების შემდეგ ისინი გათავისუფლების მიზნით არ უნდა შეავიწროვონ;
ხელფასების მომატება 30%-ით;
მე-13 ხელფასის გადახდა;
სადღესასწაულო დღეებში მუშაობის ორმაგად ანაზღაურება;
კვების რაციონის შეცვლა;
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პირობაზე კოლექტიური შეთანხმება.
„გაფიცვა ქარხანასთან მიმდინარეობს. გაფიცვის პირველ დღეს ადმინისტრაციის წარმომადგენელი მივიდა მათთან და შეახსენა ხელფასის 50 ლარით გაზრდის შესახებ სექტემბერში, შემდეგ კიდევ 50 ლარით – დეკემბერში და კიდევ 50 ლარით – 2022 წლის გაზაფხულზე“, – განაცხადა ტყემალაძემ.
უფრო ადრე საწარმოს ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ქარხანა გამართულად განაგრძობს მუშაობას და პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდებას. პროფკავშირების წარმომადგენელი ამბობს, რომ გაფიცულია საწარმოში დასაქმებულების უმრავლესობა, ამიტომ ახლა მხოლოდ დარჩენილი პროდუქციის გაყიდვა შეუძლიათ, ან სორტულ საამქროში მუშები სხვა განყოფილებებიდან გადაიყვანეს.
ტყემალაძის ინფორმაციით, გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ მუშები ქარხნის ადმინისტრაციასთან რამე სახის შეთანხმებას არ მიაღწევენ.