მსოფლიო დღეს

13,6 ტრილიონი ელექტრონვოლტი: დღეს დიდი ადრონული კოლაიდერი რეკორდული ენერგიით ამუშავდება

Sputnik
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრი (CERN) 5 ივლისს, სამწლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ აამუშავებს დიდ ადრონულ კოლაიდერს — დამუხტული ნაწილაკების მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ამაჩქარებელს, იუწყება Deoutsche Welle.
CERN-ის ინფორმაციით, კოლაიდერი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს რეკორდული ენერგიით — 13,6 ტრილიონი ელექტრონვოლტით, რაც „უწინდელზე დიდ სიზუსტესა და აღმოჩენების პოტენციალს უზრუნველყოფს“.
უპირველეს ყოვლისა, მეცნიერები აპირებენ გამოიყენონ იგი ჰიგსის ბოზონის (ფუნდამენტური ნაწილაკი, რომელიც აღმოჩენილია 2012 წელს) ბუნების შესასწავლად, სამყაროს გაგების გასაღრმავებლად ბარიონის ასიმეტრიის ბუნების შესწავლით (მატერიის უპირატესობა ანტიმატერიაზე სამყაროს ხილულ ნაწილში) და სამყაროში ვაკუუმის სტაბილურობის ფუნდამენტურად შესასწავლად. გარდა ამისა, იგეგმება ჰიგსის ბოზონის ბნელი მატერიის ნაწილაკებად დაშლის ძიებაზე მუშაობის გაგრძელება.
დიდი ადრონული კოლაიდერი 100 მეტრის სიღრმეზეა აგებული საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიებზე. ის წარმოადგენს წრიულ გვირაბს, რომლის სიგრძე 27 კილომეტრია. მასში მოთავსებულია დამუხტული ელემენტარული ნაწილაკების (პროტონების) ამაჩქარებელი. ნაწილაკების სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით შეჯახებისას ახალი ელემენტარული ნაწილაკები უნდა გაჩნდეს.
წყარო: Deutsche Welle