მარნეულში რესტორნის ეზოში მკვლელობა მოხდა

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
Sputnik
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. მარნეულში შუახნის მამაკაცი მოკლეს, იუწყება რადიო „მარნეული“
შემთხვევა დღეს, დაახლოებით 19:00 საათზე ერთ-ერთი რესტორნის ეზოში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, მას ჭრილობები ყელისა და ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განძრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.