უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება

შეზღუდვები უკავშირდება კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. 4 ივლისს თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში ორშაბათს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩი გაიმართება. ეროვნული ნაკრები 1 ივლისს საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინასთან ანგარიშით 79:66 დამარცხდა, 4 ივლისს კი თბილისში ესპანეთს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში გამართული პირველი ოფიციალური მატჩი იქნება. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩაზე 16:00-დან 22:00 საათამდე მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.
მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.
აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც დადგენილი სქემით იმოძრავებს.