საქართველოს ბიზნეს-ასოციაციამ ქვეყანაში საქმიანი კლიმატი შეაფასა

ბიზნეს კლიმატი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაუმჯობესდა როგორც პირველ კვარტალთან, ასევე 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ნათქვამია კვლევაში
Sputnik
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი გაუმჯობესებას განაგრძობს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კვლევაში.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დაარსდა 2009 წელს და აერთიანებს 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას ქვეყანაში, მათ შორის ბანკებს, ბენზინგასამართ სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდ სუპერმარკეტების ქსელებს.
„წინა კვარტლებში არსებული პოზიტიური განწყობა 2022 წლის მეორე კვარტალშიც შენარჩუნებულია. კერძოდ, ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ დადებითად შეფასდა როგორც ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობა, ისე მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი“, - ნათქვამია კვლევაში.
ასოციაციის წევრმა კომპანიებმა გამოკითხვაში მონაწილეობა 2022 წლის 10 – 30 მაისის პერიოდში მიიღეს.
ასოციაციაში აღნიშნეს, რომ ბიზნეს კლიმატი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაუმჯობესდა როგორც პირველ კვარტალთან, ასევე 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (პირველ კვარტალთან შედარებით) ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის, გარდა მრეწველობისა.
ყველაზე დადებითი შეფასებები მიიღო ვაჭრობის სექტორმა, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს გაყიდვების ზრდასთან, რაც აღნიშნული სექტორის კომპანიების 57%-ში შეინიშნება.
დასაქმება
BAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 29,9% ამბობს, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება, ხოლო შტატების შემცირებაზე მხოლოდ 5,6% საუბრობს.
კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 31,8% ვარაუდობს, რომ 2022 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომდევნო კვარტალში პერსონალის შემცირებას 3,7% გეგმავს. კომპანიების უმეტესობა არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
დასაქმების კუთხით ყველაზე დადებითი მოლოდინი სამრეწველო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების 46,7% გაყიდვების ზრდის დადებითი მოლოდინების გამო თანამშრომლების შტატის ზრდას აპირებს.

რა უშლის ხელს ბიზნესს

კვლევაში აღნიშნულია, რომ პირველ კვარტალთან შედარებით 5% გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებობს მათი საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები. ამავე დროს, ასეთი კომპანიების წილი 10%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოში ბიზნესის შემაფერხებელი ხუთი ძირითადი მიზეზი (მეორე კვარტალში):
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა,
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები,
სპეციალისტების ნაკლებობა,
სამუშაო ძალის დეფიციტი,
დაბალი მოთხოვნა პროდუქტებზე ან მომსახურებაზე.

ხელმისაწვდომობა ფინანსებზე

გამოკითხული კომპანიების 46% მიმდინარე წლის მეორე კვარტალში (4%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში) დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. მათგან 26%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად პრობლემურია საშუალო ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის, მცირე საწარმოებისთვის დაფინანსების მოძიება უფრო ადვილია. მსხვილი კომპანიების 30%-ისთვის ფინანსებზე წვდომა პრობლემას წარმოადგენს.
ამასთან, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.

ლარის კურსი

2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომდევნო ექვს თვეში დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას ელოდნენ, 14%-ით შემცირდა.
ამასთან, კომპანიების 20% არ ელოდება ლარის კურსის გამყარებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. წინა კვარტალში ამ მოსაზრებას რესპონდენტთა მხოლოდ 12% იზიარებდა. ასევე, კომპანიების 28% ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ელის.
ამ დროისათვის ლარის კურსი 2,9077 GEL/$1 დონეზე დგას.
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი გამართა, სადაც ჯამში 873,2 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2021 წელს მარეგულირებელმა ცხრა აუქციონზე გაყიდა 332,9 მილიონი დოლარი. მიმდინარე წელს რეგულატორმა ერთი აუქციონი ჩაატარა და 39,57 მლნ დოლარი გაყიდა.
ლარის კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
წყარო - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) კვლევა