თბილისი, 2 ივლისი– Sputnik. ქუთაისში 36 წლის თინათინ ტურაბელიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცის დაკავება მეზობლების დახმარებით მოხდა, იუწყება „მთავარი არხი“.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობის შესახებ ცნობილი გუშინ საღამოს გახდა. მას ყელი გამოჭრეს. ეჭვმიტანილი მისი ყოფილი ქმარია, რომელიც ადგილზე პოლიციამ დააკავა.
ტელეარხის ინფორმაციით, მეზობლებმა ქალის განწირული კივილი მისი ნაქირავები ბინიდან გაიგონეს და დახმარება სცადეს, მაგრამ ბინის კარი ჩაკეტილი დახვდათ.
ერთ-ერთმა მეზობელმა, რომელიც პოლიციის თანამშრომელია, კარი გარედან ჩაკეტა, მეზობლების ნაწილი ეზოში გავიდა, სადაც ბინის აივანი იყო, რათა ეჭვმიტანილისთვის გაქცევის საშუალება არ მიეცათ.
ადგილზე მისულ პოლიციას მხოლოდ კარის გაღება და მამაკაცის დაკავება მოუწია.
სასტიკი მკვლელობის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. წყვილი 7 წლის წინ განქორწინდა, ქალი შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. იყო თუ არა ბინაში ბავშვი მკვლელობის მომენტში, ჯერჯერობით უცნობია.
ოჯახის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მამაკაცი ცოლ-შვილის დაბრუნებას ცდილობდა.
შსს-ში მედიისთვის კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.