თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ელჩმა საფრანგეთში თეა კატუკიამ თანამდებობა დატოვა და ამის პარალელურად საგარეო საქმეთა სამინისტრო ზეწოლაში დაადანაშაულა.
„დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. 1 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს, 1 ივლისს", – დაწერა კატუკიამ სოციალურ ქსელში.
გადადგომის მიზეზად მან მთავრობასთან, კერძოდ, სამინისტროსთან უთანხმოება დაასახელა.
„გადადგომის თაობაზე ჩემს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან ჩემზე მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა", – აღნიშნა კატუკიამ.
კატუკია ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წელს წარადგინა.