თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. კასპში თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გამოძიებით დადგინდა, რომ კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბრალდებული ა.ხ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გერს ოთხი თვის განმავლობაში ეპყრობოდა არაადამიანურად. ა.ხ.-ს გერი საცხოვრებლად უვარგის მცირე ზომის სათავსოში ჰყავდა ჩაკეტილი, სათანადო პირობების გარეშე — ის არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, მოვლითა და კვებით, რის გამოც ანორექსია განუვითარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 ივნისს დააკავეს. სასამართლომ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ) და 11 პრიმა 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო: საქართველოს პროკურატურა