თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. თბილისის ბოტანიკური ბაღი ხვალიდან ნაყინის ფესტივალს უმასპინძლებს – ღონისძიება 2 და 3 ივლისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში 25-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის როგორც ნაყინის მასიური მწარმოებლები, ისე მცირე მეწარმეები.
სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ანიმატორი, გმირები, გასართობი შოუ, სხვადასხვა გათამაშება და DJ. ასევე გაიმართება სახალისო შეჯიბრებები. გამარჯვებულებს კი საჩუქრად სხვადასხვა სახეობის ნაყინი გადაეცემათ.
ღონისძიება „რანინას" საიუბილეო სეზონის მონაწილეების კონცერტით გაიხსნება. დამთვალიერებლები შეძლებენ შეიძინონ თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე გაეცნონ ნაყინის მრავალფეროვნებას.
ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია. 6 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიან; სკოლის მოსწავლეები – 50 თეთრი; სტუდენტები და პენსიონერები – 1 ლარი; ზრდასრულები – 4 ლარი; საოჯახო ბილეთის ღირებულება კი 6 ლარია.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათამდე გასტანს.
აღსანიშნავია, რომ ნაყინის კიდევ ერთი ფესტივალი-დღესასწაული 17 ივლისს მთაწმინდის პარკში გაიმართება.