დეპოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში: ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები

მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ დეპოლარიზაციის პროცესში გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს.
Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დეპოლარიზაციისკენ პირველი ნაბიჯი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულების პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.

„პირველი ნაბიჯი „ქართულ ოცნებაზეა“, რომელიც ამის ნაცვლად ზიზღის კამპანიას თესავს და ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის ქვეშ აყენებს... როდესაც გაიაზრებენ, რომ მათი პასუხისმგებლობაა პირველი ნაბიჯის გადმოდგმა და გააკეთებენ არა მარტო განცხადებებს, არამედ ქმედებებზე გადავლენ, მე არ მგონია, რომ კონსულტაციების პრობლემა იარსებებს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

მოლაპარაკებების მაგიდასთან შეხვედრის მომხრეა მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, მათ მმართველი გუნდის იმედი არ აქვთ.
„ქართველი ხალხი, ყველა პოლიტიკური პარტია მზადაა ნებისმიერი დიალოგისთვის, სადაც არის მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ შესრულდეს ეს გეგმა. თუმცა, ჩვენ ყველა კარგად ვხედავთ, რომ ღარიბაშვილის მმართველობის პირობებში ამის გაკეთება შეუძლებელია“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ოპოზიციასთან ურთიერთობა და მათთან ჩართულობა უნდა მოხდეს მათი სურვილის შესაბამისად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
„სურვილი კი მაშინ ყალიბდება, როცა კრიმინალური და ხელისუფლების შეცვლის გეგმები კი არ გაქვს, არამედ საღად უყურებ მოვლენებს და შენი პარტიისთვის პრიორიტეტია შენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, გზა სტატუსის მინიჭებისა და ევროკავშირში სრულყოფილი გაწევრიანებისკენ და არა ხელისუფლებაში მოსვლა“, – თქვა მათიკაშვილმა.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პროცესში გარკვეული პასუხისმგებლობა ოპოზიციამაც უნდა აიღოს.

„ეს მხოლოდ ხელისუფლებაზე დამოკიდებული პუნქტი არ არის და ყველა პოლიტიკურ აქტორს თანაბრად ეხება. პირადად ვთვლი, რომ ოპოზიციას და მათ გაგრძელებებს, მედია იქნება ეს თუ სამოქალაქო საზოგადოების სახელით მოასპარეზე პოლიტიკური აქტორები, ყველას მოეთხოვება განსაკუთრებული გულისხმიერება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება მზადაა პოლიტიკური თამაშის წესებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის და დათმობებზე წასასვლელად.
მისი თქმით, მთავარია – წესების შეთანხმება, რათა ოპოზიციის პოლიტიკა „მიმართული იყოს არა მარტო იმაზე, თუ როგორ დაანგრიონ ქვეყანა ან გამოიწვიონ დესტაბილიზაცია“.
ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრები მზად არიან დაასრულონ ოპოზიციური ტელეკომპანიების ბოიკოტი.
ევროკავშირის საბჭომ გასულ კვირაში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი შესრულდება დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.