„ქართული ოცნება“ დეპოლარიზაციასა და დეოლიგარქიზაციაზე მუშაობას იწყებს

Sputnik
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ევროკავშირის მიერ წამოყენებული პირობებიდან ერთ-ერთის, ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის დეპოლარიზაციის შესრულების ხელშესაწყობად პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობაში ყველა საპარლამენტო პარტია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან ჩართული. ჯგუფი პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებს და საზოგადოებას ყოველკვირეულ ანგარიშს წარუდგენს პოლარიზაციის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.
როგორც „ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება არის ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად.

„მნიშვნელოვანია შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით და ანალოგიურად ოპოზიციამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს“, — განაცხადა კობახიძემ.

პარალელურად საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობასაც იწყებს, რომელიც ასევე ერთ-ერთია იმ 12 პუნქტიდან, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს რეკომენდაციის სახით მისცა.
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა.
ევროკავშირის საბჭომ გასულ კვირაში გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ კი 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ.