აშშ-ის საელჩოში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა და ვატო წერეთელმა იჩხუბეს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ინციდენტის შესწავლას აპირებს
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ოპოზიციური ტელეარხ „ტვ პირველის“ მფლობელს, ვატო წერეთელს შორის ჩხუბი მოხდა აშშ-ის საელჩოში გამართულ მიღებაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა, მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს.
როგორც დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ანრი ოხანაშვილმა განმარტა, პროვოკაცია წერეთელმა მოაწყო.
„მიღებაზე ყოფნის დროს მოვიდა, მთხოვა, ორი სიტყვით რაღაცის თქმა სურდა, უბინძურესი პროვოკაცია მოაწყო... ხომ წარმოგიდგენიათ, რაზეა საუბარი?! მერე სწრაფი ნაბიჯით გაიქცა. მინდოდა მეკითხა, რატომ იკადრა ასეთი რაღაცა, რაზეც გააგრძელა პროვოკაცია, შემდგომ, რა თქმა უნდა, პასუხი გავეცი და მიიღო ის პასუხი, რომელსაც ის იმსახურებდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, საუბარია „უბინძურეს პროვოკაციაზე, რასაც „ვერც ერთი ქართველი ვერ აიტანს და ამას მოჰყვა მცირე შეხლა-შემოხლა“.
ვატო წერეთელს მომხდარის სხვა ვერსია აქვს.
„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორედ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა", - განაცხადა ვატო წერეთელმა.
თავის მხრივ, აშშ-ის საელჩომ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მომხდარ დაპირისპირებას სწავლობენ.
„აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას", - ნათქვამია საელჩოს კომენტარში.