თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მაქსიმალური სიფრთხილის გამოვლენის მიზნით პრეზიდენტი სამუშაო გარემოს დაუბრუნდება კოვიდ-ტესტის პასუხის მიღების შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო ერთი კვირის (20–26 ივნისი) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1.058 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1,6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანამ კორონავირუსის ექვსი ტალღა გაიარა. გასული წლის დეკემბერში საქართველოში ახალი „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, რომელმაც პიკს იანვარ–თებერვალში მეექვსე ტალღის დროს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.