თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც კარიერას იტალიურ „ნაპოლიში“ გააგრძელებს, ბათუმის „დინამოს“ დაემშვიდობა.
ბათუმური კლუბიდან კვარაცხელიას გაცილების ცერემონია ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩის მიმდინარეობისას გაიმართა. პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე გულშემატკივრის წინაშე წარდგა, ქომაგებმა კი იგი ოვაციებით გააცილეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ, თავის მხრივ, გულშემატკივარს სიტყვით მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„არ იყო დიდი დრო, რომელიც ერთად გავატარეთ, მაგრამ ძალიან დიდი ემოცია მაჩუქეთ და მომეცით მოტივაცია, რომ უფრო მეტი ვაკეთო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთს ალამაზებთ. ჩვენ ყველაფერს ერთად უნდა მივაღწიოთ“, – თქვა კვარაცხელიამ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამომ“ მე-20 ტურის შეხვედრაში თბილისის „დინამო“ დიდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა კიდევ უფრო გაიმყარა. ამჟამად ბათუმური კლუბი პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ 9 ქულით უსწრებს.
ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის „დინამოს“ რუსეთის დატოვების შემდეგ შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა ყაზანის „რუბინთან“, რომლის ღირსებას იცავდა 2019 წლის ზაფხულიდან, ხელშეკრულება გაწყვიტა და ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კვარაცხელიამ ბათუმური გუნდის მაისურით ეროვნული ლიგის 11 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა 2 საგოლე გადაემა.
კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, ტრანსფერის ფასი კი დაახლოებით 9-12 მილიონი ევრო იქნება. არსებული ინფორმაციით, „ნაპოლი“ ქართველ ახალწვეულს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ იტალიური გუნდი სეზონისთვის მზადებას 9 ივლისს დაიწყებს, პირველ ტესტ-მატჩს კი 14 ივლისს სამოყვარულო კლუბ „ანაუნიასთან“ ჩაატარებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ თამაშში შედგება „ნაპოლის“ მაისურით კვარაცხელიას არაოფიციალური დებიუტი. „ნაპოლი“ სერია A-ს 2022/23 წლების სეზონს 14 აგვისტოს „ვერონასთან“ საგარეო მატჩით გახსნის, სადაც ქართველი ფეხბურთელის პირველ ოფიციალურ შეხვედრას უნდა ველოდოთ.
ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი მესამე ფეხბურთელი იქნება, რომელიც იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. მანამდე სერია A-ში კახა კალაძესა („მილანი“, „ჯენოა“) და ლევან მჭედლიძეს („პალერმო“, „ემპოლი“) უთამაშიათ.