Wizz Air ტალინისა და პარიზის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს

ავიარეისების სიხშირეები ასევე გაიზრდება სხვა ევროპული ქალაქების მიმართულებითაც.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air პარიზისა და ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას განაახლებს. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 1 აგვისტოდან კვირაში ორი სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.

„1 აგვისტოდან Wizz Air-ი ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით“, – აღნიშნულია აეროპორტის განცხადებაში.

ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებითაც.
2022 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 232.450 მგზავრს მოემსახურა და ის გადაყვანილი მგზავრების ოდენობით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.