თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. 1930-იან წლებში უკრაინელი ნაციონალისტები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას იაპონელების მიერ ოკუპირებულ მანჯურიის ტერიტორიებზე გაექცნენ, აქტიურად აწარმოებდნენ პროპაგანდას მხარდამჭერებს შორის, ადანაშაულებდნენ რა სლავ ხალხებს, რომ ისინი უკრაინის განვითარებას პრობლემებს უქმნიდნენ — განსხვავებით „უწყინარი“ ნაცისტური გერმანიისგან, წერს სააგენტო „რია ნოვოსტი“.
სააგენტოს ცნობით, ეს ყოველივე პრიმორიეს მხარის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ პირველად განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა.
გამოქვეყნებულ მასალებს შორისაა ჟურნალ „დალნი ვოსტოკის“ გვერდების ფოტოასლები, რომელიც „უკრაინის ნაციონალისტური კოლონიის“ (უნკ) ბეჭდურ ორგანოს წარმოადგენდა.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, „უკრაინის ნაციონალური კოლონია“ 1934 წელს დაარსდა მილიტარისტული იაპონიის მიერ ოკუპირებულ მანჯურიის ტერიტორიაზე იქ ემიგრირებული უკრაინელი ნაციონალისტების ინიციატივით. მისი მიზანი იყო აქტიური ბრძოლა სსრკ-ის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირისთვის პრიმორიეს ჩამორთმევისა და იქ უკრაინული ნაციონალისტური სახელმწიფოს შექმნის მიზნით. ნაციონალისტებს ამ საკითხში იაპონიისა და ნაცისტური გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდათ. კოლონიის ბირთვი იყო „უკრაინული შორეული აღმოსავლეთის სეჩი“ — რადიკალური სტრუქტურა, რომელიც ნაცისტური გერმანიის მიერ მხარდაჭერილ უნკ-ზე იყო ორიენტირებული.
ჟურნალის ერთ-ერთი სტატია, სახელწოდებით „უკრაინა და გერმანია“, ამტკიცებდა, რომ უკრაინელ ხალხს არ აქვს „შესაბამისი ხელსაყრელი პირობები“, ვინაიდან მათი სლავი მეზობლები „უკრაინის დამოუკიდებლობის ტენდენციებს“ ებრძვიან და უკრაინულ ეთნოსს ემუქრებიან.
ამასთან, „არგუმენტები“ იყო მოყვანილი იმის სასარგებლოდ, რომ უკრაინელები ორიენტირებული უნდა ყოფილიყვნენ გერმანელებზე, რომ გერმანია არ იყო უკრაინის მტერი.
„ჩვენსა და გერმანელებს შორის არ ყოფილა და არ შეიძლება იყოს ტერიტორიული დავა; არ ყოფილა, არ არის და არ შეიძლება იყოს ბრძოლა ტერიტორიის ეთნიკური ხასიათისთვის, რადგან არ არსებობს ურთიერთასიმილაციის ძალისხმევები, არ არსებობს კულტურული მეტოქეობა და არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება დამარცხებულებსა და გამარჯვებულებს შორის“, — ნათქვამია სტატიაში.
ამის შემდეგ კეთდებოდა დასკვნა, რომ უკრაინულ-გერმანულ ურთიერთობებში „არ არის ყველა ის ობიექტური გეოგრაფიული, ისტორიული და პოლიტიკური მომენტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იქმნდებოდა და დღემდე რჩება მუდმივ პოლონურ-გერმანულ კონფლიქტებად, მიუხედავად პოლონეთ-გერმანიის პაქტისა“.
„ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს გერმანიის ეკონომიკური ექსპანსიონისტური გეგმებისა, ვინაიდან ისინი არავითარ შემთხვევაში არ იქნება იმაზე დიდი, ვიდრე შავი ზღვის ზოლითა და აღმოსავლეთისკენ მიმავალი სახმელეთო გზებით დაინტერესებული სხვა სახელმწიფოების მადაა“, — ამტკიცებდა მასალის ავტორი.
ხოლო სტატიაში „უკრაინა საერთაშორისო პოლიტიკაში“, რომელიც ჟურნალ „დალნი ვოსტოკის“ 1939 წლის თებერვლის ნომერში იყო გამოქვეყნებული, ნაცისტური გერმანიისა და მილიტარისტული იაპონიის წარმატებებზე იყო საუბარი, რომლებმაც ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიები დაიკავეს.
„მთელი ეს საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია უკრაინის განმათავისუფლებელი მოძრაობის სასარგებლოდ ვითარდება და აიოლებს ევროპაში საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად და შორეულ აღმოსავლეთში „ზელიონი კლინის“ განთავისუფლებისთვის ბრძოლას“, — ნათქვამია სტატიაში.
ყველა ეს „არგუმენტი“სამამულო ომის დროს იქნა უარყოფილი, როდესაც ნაცისტებმა უკრაინის სსრ დაიკავეს. ოკუპირებული ტერიტორიები ნაცისტების მიერ აღიქმებოდა მხოლოდ ნედლეულის ბაზად, ხოლო მოსახლეობა — როგორც იაფი სამუშაო ძალა. ისტორიკოსების შეფასებით, უკრაინაში ნაცისტებმა ოკუპაციის დროს გაანადგურეს თითქმის 4 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე, დაახლოებით 2,4 მილიონი ადამიანი კი მონად აქციეს.