მსოფლიო დღეს

ლისა მონაკო: რუსებისთვის ჩამორთმეული ქონების უკრაინისთვის გადაცემას წლები არ დასჭირდება

Sputnik
თბილისი, 30 ივნისი − Sputnik. აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ კონგრესის მიერ გადადგმული ნაბიჯები შესაძლებელს გახდის რუსი ბიზნესმენებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ლისა მონაკომ განაცხადა ვაშინგტონში ფორუმზე გამოსვლისას.
„გვსურს შევეცადოთ და მივაღწიოთ ამ აქტივებს. მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმისაა ისინი: ძვირადღირებული იახტები, საბანკო ანგარიშები თუ სხვა საქონელი, თვითმფრინავები, რაც გნებავთ. ამ სიიდან ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ. თუ ჩვენ მივაკვლევთ, რომ [ეს აქტივები] დაკავშირებულია უკანონო ქმედებებთან, სანქციების თავიდან აცილებასთან, მაშინ მათი ჩამორთმევა დღის წესრიგშია“, − განაცხადა მონაკომ.
მისი თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება აღნიშნული აქტივების კონფისკაცია და გაყიდვა.

„ვიმედოვნებთ, რომ კონგრესის ქმედებები საშუალებას მოგვცემს, გადავცეთ აქედან მიღებული სახსრები იმ ადამიანებს, ვისაც ეს სჭირდება <...> და ეს არის უკრაინის ხალხი“, − დასძინა მან.

როგორც მონაკომ განმარტა, მისი აზრით, აქტივების გადაცემის პროცესს რამდენიმე წელი არ დასჭირდება.
29 ივნისს რუსული აქტივების დაბლოკვის საერთაშორისო ჯგუფმა განაცხადა, რომ 100 დღის განმავლობაში რუსეთის სანქცირებულ მოქალაქეებს 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივები დაებლოკათ. გარდა ამისა, გაყინულია რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივებიც − დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ოდენობით. მადრიდის სამიტზე G7-ის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთის გაყინული აქტივები უკრაინის დასახმარებლად იქნება გამოყენებული.