ქართველი რესტავრატორები სტაჟირების გავლას ვატიკანის მუზეუმებში შეძლებენ

ქართულმა დელეგაციამ აგრეთვე მოინახულა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიები, გაეცნო მათი მუშაობის სპეციფიკას და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
Sputnik
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოდან სტუდენტების, კურატორების, რესტავრატორ-კონსერვატორების ვატიკანის მუზეუმებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით წარგზავნის შესაძლებლობები განიხილა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ვატიკანის მუზეუმების დირექტორ ბარბარა იატასთან გამართულ შეხვედრაზე.
წულუკიანი ვატიკანში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდის სიქსტის კაპელაში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით იმყოფებოდა.
კონცერტი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, რადგან სიქსტის კაპელაში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად იგალობეს საქართველოს წარმომადგენლებმა.
თეა წულუკიანმა ვატიკანის მუზეუმების სარესტავრაციო ლაბორატორიები დაათვალიერა
ვიზიტის დროს წულუკიანი დაინტერესდა ვატიკანის მუზეუმში სტაჟირების პროგრამით, მუზეუმოგრაფიის, ლაბორატორიების მუშაობის, საკურატორო საქმიანობის საკითხებით. ბარბარა იატამ, თავის მხრივ, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით მინისტრს მომავალი თანამშრომლობის დაპირება მისცა.
დელეგაციამ აგრეთვე მოინახულა ეთნოგრაფიული, ფერწერისა და ძვირფასი ლითონების კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიები, გაეცნო ლაბორატორიების მუშაობის სპეციფიკას, თანამედროვე ტექნოლოგიებს, სამუშაო გარემოსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.