მსოფლიო დღეს

„ეს შესაძლებელია“: ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვა მოითხოვა

Sputnik
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთს არ აქვს უფლება, იყოს გაეროსა და მისი სხვა ორგანოების, მათ შორის, უშიშროების საბჭოს წევრი, მიაჩნია უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.
მისი თქმით, რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ადგილს „ცივი ომის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსთა სიბეცის“ გამო იკავებს.

„მოგიწოდებთ ჩამოართვათ ტერორისტული სახელმწიფოს დელეგაციას უფლებამოსილება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. ეს შესაძლებელია, ეს აუცილებელია, ეს სამართლიანია. რუსეთს არ აქვს უფლება, დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოში“, — განაცხადა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ვიდეოჩართვით ესწრებოდა.

რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. რომელიმე ქვეყნისთვის მუდმივი წევრის სტატუსის ჩამორთმევა ორგანიზაციის დებულებით გათვალისწინებული არ არის.
მარტში უკრაინის პრეზიდენტმა უკვე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვა იმ მიზეზით, რომ რუსეთი „სამხედრო დანაშაულს“ სჩადის. 27 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა. მანამდე მსგავსი თხოვნით მან შეერთებულ შტატებს აპრილში მიმართა.