მსოფლიო დღეს

ნატო: ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ძალაშია

ალიანსი დაეხმარება საქართველოს მდგრადობის გაძლიერებაში„ დამაზიანებელი შეჭრის მიმართ“.
Sputnik
თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე და შემდგომში იქნა მიღებული საქართველოსა და უკრაინის მიმართ, ნათქვამია ნატოს ახალ მრავალწლიან სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს.
2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს სამიტზე დაადასტურეს, რომ საქართველო მომავალში შესაძლოა გახდეს ნატოს წევრი, თუ კი ალიანსის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. საქართველომ 2011 წელს მიიღო ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს ღონისძიებების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას ალიანსის წევრობისკენ.
„ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესები მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროატლანტიკურ რეგიონში. ჩვენ ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.
იქვე აღნიშნულია, რომ ნატო გააძლიერებს პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას მათთან, ვინც ალიანსის წევრობის სწრაფვას გამოთქვამს, ასევე დაეხმარება მდგრადობის გაძლიერებაში დამაზიანებელი შეჭრის მიმართ.
რუსეთი ალიანსის აღმოსავლეთით გაძლიერების კატეგორიული წინააღმდეგია. გარდა ამისა, რუსული მხარე მოითხოვს, რომ დასავლეთმა უარი თქვას სამხედრო ბაზების შექმნაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში, მის საზღვრებთან შეიარაღების განთავსებაზე და გაიყვანოს ნატომ შეიარაღებული ძალები აღმოსავლეთ ევროპიდან და დაუბრუნდეს 1997 წლის პოზიციებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აუცილებელია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ოფიციალურად უარყოფა, სადაც დამტკიცდა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში შეიძლება ალიანსის წევრები გახდნენ, თუ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.