გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: განაჩენი ძალაში დარჩა

მსჯავრდებულთა ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მოსამართლემ განაჩენი ვარაუდებზე და არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სააპელაციო სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ დააკმაყოფილა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულთა სააპელაციო საჩივრები და უცვლელად დატოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულის მიმართ 2021 წლის 9 მარტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათგან სამ სრულწლოვანს – ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კიდევ ორ არასრულწლოვან მსჯავრდებულს, რომელთაც განაჩენის გამოტანის მომენტისთვის 18 წელი შეუსრულდა, 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ.
მსჯავრდებულთა ადვოკატები აცხადებდნენ, რომ მოსამართლემ განაჩენი ვარაუდებზე და არა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: განაჩენი გასაჩივრდება >>
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 18 ივნისის შემდეგ გაუჩინარდა, როდესაც დაბადების დღის წვეულებაზე მცხეთაში გაემგზავრა. მისი ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.
პროკურატურამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.
შაქარაშვილის მკვლელობას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი მცხეთა–თბილისის ტრასაზე და მცხეთაში აგარაკზე.
წყარო - გენერალური პროკურატურა