ზურაბიშვილი: ევროპაში შევაბიჯებთ, თუ ვიქნებით ერთიანი და დავივიწყებთ ქიშპობას

სამების საკათედრო ტაძრის გუნდის 40-მა მგალობელმა 26 ივნისს სიქსტის კაპელაში (ვატიკანი) იგალობა.
Sputnik
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ეროვნული თანხმობით შემოვაბიჯეთ ევროპაში და ასე შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანი და დავივიწყებთ ქიშპობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვატიკანში, საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართა და აღნიშნა, რომ სიქსტის კაპელაში „ავე მარიას“ აჟღერებით დამტკიცდა, რომ საქართველო ევროპაშია.

„როცა თქვენი „ავე მარია“ გაჟღერდა სიქსტის კაპელაში, მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ, ევროპის გულში. ეს არის ის ნიშანი, როცა საქართველო შემოდის „სიქსტის კაპელაში“, ეს არის დაგვირგვინდება ჩვენი ორი სახელმწიფოს დიპლომატიური ურთიერთობებისა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ დაფუძნებული სამების საკათედრო ტაძრის გუნდი ასევე იგალობებს 29 ივნისს, როდესაც რომის პაპი ფრანცისკე წმინდა პეტრეს ტაძარში პეტრე-პავლობის დღესასწაულზე საზეიმო წირვას აღავლენს, სამების გუნდი წირვის დასრულების შემდეგ შეასრულებს ილია მეორის „ავე მარიას“, ასევე შესრულდება „შენ ხარ ვენახი“.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.