ზემო ლარსი დღეს: გზის ერთ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

გზის გახსნა ჩატარებული ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შედეგად მოხერხდა, მაგრამ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ისევ ჩაკეტილია.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების განცხადებით, გზის გახსნა ჩატარებული ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი ღონისძიებების შედეგად მოხერხდა.
ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი დროებითი გზის საშუალებით იმოძრავებს, პარალელურ რეჟიმში კი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაიგეგმება და ჩატარდება, აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება „ყაზბეგის“ და „ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტებს, რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ისევ ჩაკეტილია. ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები საზღვრის კვეთის პროცედურებს „ყაზბეგის" ნაცვლად დროებით საბაჟო-გამშვები პუნქტების - „წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის“ გავლით განახორციელებენ.
გუშინ ძლიერი წვიმის გამო მდინარე თერგი კალაპოტიდან გადმოვიდა და რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა გადარეცხა. გზის მონაკვეთი დაზიანდა 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა). შექმნილი სიტუაციის გამო დროებით შეწყვიტა მუშაობა „ყაზბეგი - ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა. საზღვარზე რამდენიმე ასეული სატვირთო დაგროვდა. მძღოლები და მგზავრები უსაფრთხო ზონაში არიან.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.