თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. რუსეთის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელები საზღვრის კვეთის პროცედურებს „ყაზბეგის" ნაცვლად საბაჟო-გამშვები პუნქტების - „წითელი ხიდისა“ და „ლაგოდეხის“ გავლით განახორციელებენ, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები, მათ შორის, საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე ფიზიკური პირების მიერ საზღვრის კვეთა.
უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა (თერგი და დევდორაკი) დააზიანეს საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი (ე.წ. ნეიტრალურ ზონაში).
„ყაზბეგის" თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან უსაფრთხო ტერიტორიაზე.
ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნული საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.