მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სხდომის კლინიკაში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამჯერადაც გადაიდო.
ადვოკატებმა ცნობა წარმოადგინეს კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობის კურსს გადის. დაცვის მხარის განმარტებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ სააკაშვილის სურვილია სხდომას დაესწროს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამას ვერ ახერხებს.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილ ცნობაში გაუგებარია, შეუძლია თუ არა სააკაშვილს ჩვენების მიცემა და სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. ამიტომაც მოსამართლემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – განახადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან.

სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ სხდომის კლინიკაში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია რიგი საკითხების დაზუსტება, კონკრეტულად, შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა, და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკაში გასვლითი სხდომის გამართვის შუამდგომლობის განხილვა ამ ეტაპზე გადადო“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალი ოფიციალურად 20 ოქტომბერს წარუდგინა. აღნიშნული დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს (სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი).
საზღვრის კვეთაში სააკაშვილის დახმარების ბრალდებით გამოძიებამ კიდევ ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დააკავა. მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.
ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში სააკაშვილი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.