თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. მაშველებმა ფშავში ღვარცოფში მოყოლილი უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების თანამშრომლები სტიქიის ზონაში უცხოელ ტურისტს ეძებდნენ, რომელიც მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა ბარისახო-შატილის გზიდან მდინარეში გადააგდო.
უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები მასმედიაში გავრცელდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ნელა გადაადგილდება მამაკაცი მოტოციკლით ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ გზაზე. გზის ერთ მხარეს მთაა, მეორე მხარეს კი მდინარე. კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდის გზაზე ღვარცოფი და ადამიანს ითრევს მდინარეში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა „112“-ში შესული შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.
„პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთვნენ სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფისა და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება. საძიებო-სამაშველო ღონისძიებების შედეგად სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა გარდაცვლილი მამაკაცი.