უბედური შემთხვევა მთებში: ტურისტი ღვარცოფმა მდინარეში ჩაიყოლა - ვიდეო

მაშველები ღვარცოფში მოყოლილ უცხოელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik
თბილისი, 27 ივნისი – Sputnik. ერთი ადამიანი, სავარაუდოდ, ტურისტი, ფშავში, ბარისახო–შატილის გზაზე მოვარდნილ ღვარცოფში მოყვა.
უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები მასმედიით გავრცელდა.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ნელა გადაადგილდება მამაკაცი მოტოციკლით ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ გზაზე. გზის ერთ მხარეს მთაა, მეორე მხარეს კი მდინარე. კადრებში ჩანს, როგორ ჩამოდის გზაზე ღვარცოფი და ადამიანს ითრევს მდინარეში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარის სხვა დეტალების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეა ტურისტი.